გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაშუქება

კობა კუპრაშვილი, ნათია კუპრაშვილი

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ ბრძანებაზე მითითებით, 2012 წლის 13 მარტს ,,,გურიანიუსის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას შეუზღუდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლა. შედეგად, მან ვერ მოახერხა, კანცელარიაში დაეტოვებინა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. იმავე  წლის 16 მარტს მისი კოლეგის მიმართ იგივე განმეორდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. იმავე კვირაში ,,გურიანიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,#55 ბრძანება – ხალხის მოსაშორებლად“[1], მედაორგანიზაციამ მოგვიანებით გაარკვია, რომ ჟურნლისტებისთვის საკრებულოებში პრობლემების შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს თავმჯდომარეს ბრძანება მუნიციპალიტეტის შენობაში მოქალაქეთა მიღება-გადაადგილების შესახებ კანონშეუსაბამოდ ჰქონდა მიღებული[2].

2010 წლის 25 ივნისს, ღამის პირველ საათზე, გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო და 4 საათისთვის დასრულდა. გორელების უმრავლესობამ დილით საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს მომხდარი, როცა პირდაპირ ეთერში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება საკრებულომ რამდენიმე დღით ადრე – 16 ივნისს მიიღო. მედიათა დიდი ნაწილი საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებითა და მისი მიღების პროცედურებით არც დაინტერესებულა, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება ჩაუღმავდა თემას, გაარკვია – რა პროცედურა გაიარა გადაწყვეტილებამ მიღებამდე და აჩვენა, რომ გადაწყვეტილება გაყალბებული წერილის გაყალბებულ რეგისტრაციას ეფუძნებოდა. მოკვლევამ ეჭვქვეშ დააყენა თავად საკრებულოს სხდომის გამართვისა და მისი კანონიერების/უფლებამოსილების საკითხიც.[3]

ეს და სხვა მაგალითები, რომლებიც თვითმმართველობებში გადაწყვეტლების მიღების პროცესს მიყვებიან, ადასტურებენ, რომ დემოკრატია ნამდვილად პროცედურულია და რომ ხშირად პრობლემის ძირი სწორედ პროცედურულ დარღვევებში შეიძლება იყოს.

კარგ ადგილობრივ ჟურნალისტს თვითმმართველობის საკითხების ზედაპირული გამშუქებლიდან სიღრმისეულ გამშუქებლად იმის ცოდნაც და შემდეგ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც აქცევს, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მთავრობები, რა წესები უნდა იყოს დაცული, რა განასხვავებს ამ გადაწყვეტილებებს ერთამენისგან, როგორ უნდა იყოს გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტი და სხვა.

მუნიციპალიტეტის ე.წ. ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების“ მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები სხვადასხვა კანონებით განისაზღვრება, მათგან უმთავრესია: თვითმმართველობის კოდექსი, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. მათი შეჯერებით, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებები- სამართლებრივი აქტები ორ ტიპად იყოფა:

  1. ნორმატიული , რომელიც განსაზთვრავს ქცევის ზოგად წესს,  დროის გარკვეულ მონაკვეთში (მუდმივი, დროებითი, მრავალჯერადი გამოყენების). ნორმატიული აქტები საკანონმდებლო ბაზას ეფუძნებიან.
  2. ინდვიდუალური, რომელიც უფრო ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და არსებული ნორმატიულია აქტის საფუძველზე მიიღება.

მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტია – საკრებულოს დადგენილება (მაგალითად დადგენილება საკრებულოს სტრუქტურული ერთეულების შესახებ), ხოლო ინდივიდუალური აქტია – საკრებულოს განკარგულება (მაგალითად სტრუქტურულ ერთეულში რაიმე კონკრეტული შტატის დაშვების შესახებ განკარგულება).

ინდივიდუალური აქტებია უმეტესად თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები:

  • გამგებლის/მერის ბრძანება,
  • საკრებულოს თავმჯდოამრის ბრძანება
  • გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება გამგეობის/მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება,
  • მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძნანება

და სხვა

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მისაღებად 2014 წლისთვის მოქმედი კანონდმებლობით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობა ესაჭიროება, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

საყურადღებოა ის ეტაპები[4], რომელიც საკრებულოს დადგენილებამ მიღებამდე უნდა გაიაროს:

  • დადგენილების პროექტის ინიცირება/წარდგენა/შეტანა.
  • საკრებულოს აპარატის მიერ დადგენილების პროექტის რეგისტრაცია.
  • დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებს შესახებ განკარგულების გამოცემა.
  • აპარატის მეირ დადგენილების პროექტის გამოქვეყნება.
  • დადგენილების შესახებ გამოთქმული დასკვნების, წინადადებების და შენივშვნების განხილვა.
  • ნორმატიული აქტის პროექტის შეტანა საკრებულოს სხდიმის დღის წესრიგში.
  • სხდომაზე დადგენილების პროექტის განხილვა.
  • კენჭისყრა
  • მიღებული დადგენილების გაფორმება

ყველა ამ ეტაპზე დაკვირვება შესაძლოა იქცეს ჟურნალისტისთვის გაშუქების თემად.  თუ საკრებულო დადგენილი ფორმალური მხარეებით აფერხებს და ზღუდავს რიგითი მოქალაქეების მიერ დადგენილების პროქტების წინადადებების შეტანას, ან თუ რეგისტრაციის ნომერი შეუსაბამოა გადაწყვეტილების მიღების თარიღთან, ან თუ დადგენილება მიღებულ იქნა ინიცირებიდან მოკლე დროში და არ იყო უზრუნველყოფილი დადგენილების პროექტის საჯარო განხილვა და სხვა მსგავსი დეტალები შესაძლოა გახდეს ,,ექსკლუზიური“ თემების საფუძველი.

რეკომენდირებულია ჟურნალისტმა საკებულოს მიერ გადწყვეტილებების მიღების პროცესის გაშუქებისას გაიაროს პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ და როდის მოხდა დადგენილების ინიცირება?
  • როდის დაარეგისტრირა საკრებულოს აპარატმა ინიცირებული პროექტი?
  • დაიცვა თუ არა საკრებულომ დადგენილების პროექტის განხილვის საჯაროობა? საბოლოო განხილვამდე განისაზღვრა თუ არა გონივრული ვადა შენიშნებისა და დამატებითი წინადადებების მისაღებად? იყო თუ არა უზრუნველყოფილი შესაბამისი მექანიზმები?
  • რამდენად თავსებადია დადგენილება სხვა ნორმატიულ აქტებთან და კანონდბელობასთან? ხომ არ იწვევს მისი მიღება ცვლილებებს ბიუჯეტში და თუ იწვევს რა სახის? ხომ არ იყო საჭიროება აქტს თან დართოდა შესაბამისი კომისიის დასკვნა
  • სხდომა, რომელმაც განიხილა შესაბამისი პროექტი, მოწვეული იყო თუ არა რელამენტის დაცვით?
  • გამოქვეყნდა თუ არა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება წესების დაცვით და რამდენად შესაბამისია გამოქვეყნებოს დრო გადაწყვეტილების მიღების თარიღთან?

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ბოლო საკონტროლო კითხვა იძლევა უმეტესწილად გასაღებს უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების ამოსაცნობად, ჟურნალისტმა სასურველია გაითვალისწინოს, რომ კენჭისყრიდან, ანუ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს საკრებლომ მიღებული ნორმატიული აქტი უნდა გადასცეს საკანონმდებლო მაცნეს (www.matsne.gov.ge) რომელიც მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია გამოაქვეყნოს მიღებული გადაწყვეტილება. ამ წესების დაცვა ყველა საკრებულოსთვის სავალდებულოა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკონტროლო კითხვა, რომელიც ჟურნალისტმა სასურველია გამოიკვლიოს, არის ის, რამდენად შეესაბამება ნორმატიული და ინდივიდუალური აქტის შინაარსი მათსავე მახასიათებლებს და ხომ არ არის ნორმალტიული აქტის შინაარსის მქონე გადაწყვეტილება გაფორმებული ინდივიდუალურ აქტად? თუმცა ამისთვის საჭიროა დამატებით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურის ცოდნაც, რომელიც უფრო გამარტივებული სახისაა ვიდრე ნორმატიული აქტის მიღების ეტაპები. ასე მაგალითად, ინდივდიულური გადაწყვეტილება არ მოითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცალკე გადაწყვეტილების მიღებას, არც მისაღები აქტის პროექტი ქვეყნდება და შესაბამისად არც შენიშვნების მიღების პროცედურაა გათვალისწინებული. თუმცა ინდივიდუალური აქტის გამოცემის პროცესი არც ერთ ზემოთთქმულ საფეხურს არ გამორიცხავს.

როგორც წესი, ინდივდიუალური აქტები კონკრეტული პირების განცხადებების საფუძველზე მიიღება (ერთჯერადი სოციალური დახმარების თხოვნა, მშენებლობის ნებართვის მიღება და სხვა). ასეთი განცხადებებიც საჭიროებენ რეგისტრაციას და შემდეგ გადაწყვეტილებამდე ყველა საკითხთან დაკავშირებული დეტალის გამოკვლევას, ასევე მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს უკვე არსებულ ნორმატიულ წესებს. გასათვალისწინებელია გადაწყვეტილების მიღების ვადაც – განცხადების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ჟურნალისტმა სასურველია გამოივლიოს, არის ინტერესთა კონფლიქტი – ხომ არ იყო გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირი დაინტერესებული მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა რაიმე სახის კავშირი გადაწყვეტილების მიმღებ პირსა და იმ ადამიანს, ან ადამიანებს შორის, ვისაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება?

მნიშვნელოვანია ჟურნალისტს ახსოვდეს, რომ ინდივიდუალრი აქტი უნდა იყოს გაფორმებული/გამოცემული შესაბამისი რეკვიზიტებით: უნდა გააჩნდეს სახელწოდნეაბ, უნდა იყოს მიღიღებული გამომცემებლი პირი (ხელმოწერით) და ორგანო, ასევე გამოცემის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი. ამასთან აუცილებელია ინდივიდუალურ აქტზე მითითებული იყოს იმ ორგანოს მისამართი სადაც შესაძლოა გადაწყვეტილების გასაჩივრება, ვადის მითითებით.

სწორედ ამ ცოდნის ფლობამ შეაძლებინა მაგალითად ,,ლიბერალს“ დაედგინა, რომ სტალინის ძეგლის აღებისთვის გამოცემული ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება, ატარებდა შეუსაბამო რეგისტრაციის ნომერს და რომ მისი მიღება ეფუძნებოდა კოლექტიურ წერილს, რომელიც სტალინის ძეგლის აღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწერა და დარეგისტრირდა გორის საკრებულოში. ასევე ისიც, რომ ამ კოლექტიური წერილის რეგისტრაციის ნომერიც გაყალბებული იყო.

სწორედ ამგვარი ცონდა დაეხმარა  ,,გურიანიუსს“ მიეღო შედეგი: 2012 წლის 25 აპრილს ოზურგთის მუნიციპალიტეტის, ხოლო ერთ თვეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძალადაკარგულად სცნო ამავე საკრებულების თავმჯდოამრეების მიერ მიღებული განკარგულეებბი – მოქალაქეთა მიღების წესის შესახებ. გურიანიუსმა სადავოდ სასამართლოში სწორედ ამ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების შინაარსის სპეციფიკასთან აცდენა გახადა, კონკრეტულად კი ის, რომ აქტები არეგულირებდა ქცევის ზოგად წესს, რომელიც მუდმივი ან დროებითი, თან მრავალჯერადი და არა ერთჯერადი (როგორც ეს ინდივიდუალური აქტების შემთვევაში უნდა იყოს) გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი.

 

 

 

გლოსარიუმი

 

გაყალბებული წერილის ისტორია

შეუერთდი განხილვას

 

2010 წლის 25 ივნისს, ღამის 1-ელ საათზე აზერბაიჯანულმა კომპანია “აკორდმა” გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო და სამ საათში დაასრულა. ამის შესახებ, გორელებმა დილის საინფორმაციო გამოშვებებიდან შეიტყვეს.

 

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ მოსახლეობას ტელევიზიით აცნობა, რომ სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრიდან გადატანის გადაწყვეტილება საკრებულომ 16 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.  მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გორის მოსახლეობის კოლექტიური წერილი გახდა, სადაც 1671 ხელმომწერი ძეგლის აღებას მოითხოვდა.

 

კოლექტიური წერილი – #21

ძეგლის აღების მოთხოვნის წერილს “კოლ-21” ნომერი მიენიჭა. აღნიშნული კოლექტიური განცხადების ხელმომწერთაგან 1 100 ადამიანი დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დევნილია. დევნილი ხელმომწერები, ძირითადად, კარალეთის, ვერხვებისა და ბერბუკის დასახლებაში ცხოვრობენ. დაახლოებით 200 ხელმომწერი გორის რაიონის სოფლებში ცხოვრობს, ისინი, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და მათი ოჯახის წევრები არიან, სიაში არიან სკოლის პედაგოგებიც. დანარჩენი 450 ხელმომწერი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გამგეობის, საკრებულოს, საბავშვო ბაღების და  კულტურის სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები არიან. რამდენიმე ხელმოწერა მეორდება – მაგალითად ორ-ორჯერ მოუწერიათ ხელი გორის მე-5 საბავშვო ბაღის გამგეს – ქეთევან გელაშვილს და ჩუბინიშვილის სახელობის გორის კულტურის სახლის უფროსს – მამუკა მამუკაშვილს.

დევნილი ზალინა პავლიაშვილი, რომლის გვარ-სახელი ამ წერილში ფიგურირებს, ამბობს, რომ მასთან ხელის მოსაწერად ძეგლის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ მივიდნენ. “მოვიდნენ და მითხრეს, ხელის მოწერაა საჭირო –  მოგეწონათ თუ არა ძეგლის გადატანა მუზეუმის ტერიტორიაზეო,” – იხსენებს პავლიაშვილი. კიდევ ერთი დევნილი ხელმომწერი, მთვარისა ბესტაევა ამბობს, რომ მასთანაც ძეგლის აღებიდან 3-4 დღის შემდეგ მივიდნენ. კარალეთის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების კოტეჯებში გამოკითხულები ერთხმად ადასტურებენ, რომ წერილზე ხელი მათაც ძეგლის აღების შემდეგ მოაწერინეს.  “გვკითხეს, თუ მოგეწონათ ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანა, მაშინ ხელი მოგვიწერეთო, რა აზრი ჰქონდა, უარი რომ გვეთქვა?”

ჩვენ სტალინის ძეგლის აღების მომხრეთა კოლექტიური წერილი საკრებულოდან ორჯერ გამოვითხოვეთ – პირველად 2010 წლის 8 ივლისს, მეორედ კი სექტემბრის დასაწყისში. 8 ივლისს მიღებული დოკუმენტი მხოლოდ საკრებულოს კანცელარიის ბეჭდითაა დამოწმებული, ხოლო სექტემბერში გამოგზავნილ წერილის ასლს  უკვე საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის რეზოლუცია ადევს. გამოდის, რომ რომ სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნა ხმალაძემ 2010 წლის 8 ივლისის შემდეგ დააკმაყოფილა, ანუ ძეგლის გადატანიდან (25 ივნისი), სულ მცირე, ორი კვირის შემდეგ.

გორის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი ეჭვობს, რომ 16 ივნისის სხდომა საერთოდ არც გამართულა და შესაბამისად, საკრებულოს ძეგლის აღების გადაწყვეტილება ამ დღეს არ მიუღია. დეპუტატები თემურ აფხაზაშვილი, კახა ქარელი და კახა ერგემლიძე ამბობენ, რომ 16 ივნისს მთელი დღე საკრებულოს შენობაში იმყოფებოდნენ და სხდომის ჩატარების შესახებ არაფერი სმენიათ.

განკარგულება – “ქალაქ გორში სტალინის გამზირზე #1 შენობა-ნაგებობაზე განთავსებული ქანდაკების (ი.ბ. სტალინის) გადაადგილების შესახებ” 16 ივნისითაა დათარიღებული. ბუნებრივია, განკარგულების გამოცემისას, გორის საკრებულოს იმ დროისთვის მოქმედი “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის” მიხედვით უნდა ემოქმედა. თუმცა, რატომღაც საკრებულომ 2010 წლის 16 ივნისს, მოახერხა და აღნიშნული საკითხის გადაჭრისას 2010 წლის 28 ივლისს, ანუ თვენახევრის შემდეგ დამტკიცებული რეგლამენტით იხელმძღვანელა.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლება აქვს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს.

ბ) საკრებულოს წევრს.

გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს პეტიციის წესით (მხოლოდ ნორმატიულ აქტზე).

სტალინის ძეგლის გადატანის მსურველთა 1671 ხელმოწერა სწორედ პეტიციის წესით შევიდა საკრებულოში. თუმცა, გორის თვითმმართველობის ორგანომ ამ რეგლამენტის წესებიც დაარღვია. რეგლამენტის მიხედვით, თუ საკითხი პეტიციის წესით შევა, საკრებულოს მისი დამტკიცებისას “დადგენილების” მიღება ევალება და არა “განკარგულების”. დადგენილების მიღების შემთხვევაში, ეს ნორმატიული აქტი იუსტიციის საბჭოს ნორმატიული აქტების რეესტრში ფიქსირდება. “განკარგულებას” კი ასეთი ფორმალობები არ სჭირდება. სწორედ ამიტომაც, საკრებულომ იოლ ფორმას მიმართა და გადაწყვეტილებას განკარგულების სახე მისცა.

წერილი ოფიციალური ნომრით “კოლ-21” საკრებულოში 2010 წლის 21 მაისს შევიდა. თუმცა, ეს არ იყო სტალინის ძეგლის გადატანის მომხრეთა განცხადება. ამ ნომრით 21 მაისს საკრებულომ ის კოლექტიური წერილი მონიშნა, რომელშიც დავით აღმაშენებლის გამზირზე #19-25 სახლების მობინადრეები სანიაღვრე არხის მოწესრიგებას ითხოვდნენ.

საკრებულოს წევრთა ნაწილი ეჭვობს, რომ პეტიცია სტალინის ძეგლის აღების მოთხოვნით მისი დემონტაჟის, ანუ 25 ივნისის შემდეგ დაიწერა. ახალ წერილს სარეგისტრაციო ნომრად აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებთა განცხადების სარეგისტრაციო ნომერი თარიღის გასაყალბებლად “მიანიჭეს”.

 

კოლექტიური წერილი “კოლ-365”

1671 მოქალაქის ხელმოწერილი კოლექტიური წერილის ასლი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც შევიდა. ეს წერილიც 2010 წლის 21 მაისითაა დათარიღებული. სარეგისტრაციო ნომრად მას აქ – “კოლ-365” მიენიჭა (გამგეობის აპარატი სხვა ნუმერაციით მუშაობს).

იმის გარკვევა, თუ როდის შევიდა ეს წერილი გორის მუნიციპალიტეტში, შეუძლებელი აღმოჩნდა. სარეგისტრაციო ჟურნალი სადაც შესული წერილები თანმიმდევრობით თარიღდება, გორის მუნიციპალიტეტში არ არსებობს. “სარეგისტრაციო ჟურნალში მხოლოდ წერილები (და არა – კოლექტიური განცხადებები) შეგვაქვს. კოლექტიური განცხადება წერილი არ არის. ეს არის – განცხადება. როდესაც მოგაქვთ წერილი და აწერია “განცხადება”, ჩვენ მას მხოლოდ საკონტროლო ბარათზე ვაფიქსირებთ და ჟურნალში არ შეგვაქვს”, – გვითხრეს კანცელარიის თანამშრომლებმა.

არც საკონტროლო ბარათების თანმიმდევრობაა დაცული, ასე რომ, გორის გამგეობაში ძველი თარიღით წერილის “შეპარება” არც ერთი თანამშრომლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

პეტიციის ხელოვნური ინიცირება, ძველი თარიღით შედგენილი წერილი, ხელმოწერების პოსტ-ფაქტუმ შეგროვება და საკრებულოს სხდომა, რომლის ჩატარების შესახებ მისმა წევრებმაც კი არ იცოდნენ, აჩენს ეჭვს, რომ სტალინის ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება მთავრობამ ერთპიროვნულად მიიღო და აღასრულა კიდეც. ფორმალური პროცედურები კი საქმეს მოგვიანებით “დააწიეს”.

საკონტროლო ბარათზე, სადაც გამგეობაში “კოლ-365” წერილის შესვლის ფაქტია დაფიქსირებული, 2010 წლის 7 ივლისს მინაწერია გაკეთებული – “უკვე შესრულებულია”.

 

წერილი დაფინასებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, “ფონდ – ღია საზოგადოება საქართველოსა” და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ.

 

 

[1] http://gurianews.com/view_left_wide.html?item=3531&title=%2355+%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+_+%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93&cat_id=74&lang=ka – #55 ბრძანება – ხალხის მოსაშორებლად

 

[2] წყარო: ,,საიას წარმატებული საქმეები“ – http://gyla.ge/geo/news?info=706&print=1

 

[3] http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/103772/ – ლიბერალი ,,გაყალბებული წერილის ისტორია“,

 

[4] ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სახელმძღვანელო გვ. 42