იურიდიული პირების გაშუქება

მარიამ გერსამია, მიხეილ ძაგანია

ამა თუ იმ რაიონში მიმდინარე აქტუალური მოვლენების გაშუქებისას, ჟურნალისტები მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ სხვადასხვა უწყებებს უკავშირდებიან, რომელთა ფუნქციებში შედის ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა  მაგალითად:  დასუფთავება, გამწვანება, კეთილმოწყობა, ტრანსპორტი, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა და სხვ.

 

ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული სხვადასხვა უწყებები,  ახორციელებენ სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. ეს თემები ჟურნალისტების მუდმივი ინტერესის სფეროში ექცევა. მასალის მომზადებისას, მნიშვნელოვანია ჟურნალისტი სათანადოდ იცნობდეს თუ რა სახის იურიდიული პირები ფუნქციონირებენ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, როგორია მათი უფლებამოსილებები, მართვის და დაფინანსების ფორმები  და სხვ. ამ რეგულაციების უკეთ გაცნობა ჟურნალისტს გაუმარტივებს ინფორმაციის მოპოვების პროცესს და ამასთან, მასალას უფრო ხარისხიანს გახდის.

 

Q: რა სახის იურიდიული პირების დაფუძნების უფლება აქვს მუნიციპალიტეტს?

 

A: მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ანუ ა(ა)იპ.

 

მუნიციპალიტეტი ასევე უფლებამოსილია საკუთარი ქონების ბაზაზე, („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) დააფუძნოს სააქციო საზოგადოება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

 

შესაბამისად, იურიდიული პირები მათი მიზნებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავყოთ:

 

  • შპს, ანუ სამეწარმეო იურიდიულ პირი – რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება;
  • ა(ა)იპ, ანუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები – მთავარი მიზანი არ არის მოგების მიღება და დამფუძნებლებს შორის განაწილება;
  • სსიპ, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

თვითმმართველობების მიერ, თანაბრად ვხვდებით როგორც  “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების” (მუნიციპალური საწარმოების), ასევე  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის დაფუძნების პრაქტიკას.

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის შექმნის და მოქმედების სამართლებრივი საფუძვლები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.

 

აღნიშნული სუბიექტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

დაინტერესების შემთხვევაში, ჟურნალისტს შეუძლია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული პირების შესახებ ინფორმაცია მოიძიოს საჯარო რეესტრიდან.

 

Q: რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა მუნიციპალური საწარმოების საქმიანობის შესახებ?

 

A: თვითმმართველობებს აქვთ უფლება დააფუძნონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც, მათ შორის თვითმმართველობას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

 

Q: როგორ ხორციელდება მუნიციპალური საწარმოს მართვა?

 

A: ჟურნალისტი, პირველ რიგში, უნდა გაეცნოს საწარმოს წესდებას.  საწარმოს წესდებით განისაზღვრება მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება მეწარმეთა შესახებ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. საწარმოს პარტნიორები მართვას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

Q:  როგორია მუნიციპალიტეტის და გამგებლის/მერის უფლებამოსილება საწარმოს მართვის პროცესში?

 

A: თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ მუნიციპალურ შპს-თან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა; წესის დადგენა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით.

 

გამგებელს/მერს უფლება აქვს საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ[1];

 

დაფინანსების მიხედვით, ე.წ. მუნიციპალური შპს-ები მათი შემოსავლის (დაფინანსების წყაროს) მიხედვით შეიძლება დავყოთ 4 ჯგუფად:

 

  1. რომელსაც საკუთარი შემოსავალი არ აქვს და 100%-ით თვითმმართველობის დაფინანსებაზეა;
  2. რომელსაც საკუთარი შემოსავლები აქვს, თუმცა თავის ფუნქციის შესრულებისთვის იგი არ ყოფნის და დეფიციტს ივსებს მუნიციპალური ფინანსებით;
  3. საკუთარი შემოსავლები ყოფნის ფუნქციის შესასრულებლად, თუმცა მუნიციპალურ ბიუჯეტში მოგების სახით ვერ რიცხავს თანხას;
  4. საკუთარი შემოსავლებით ახორციელებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას და ასევე მუნიციპალურ ბიუჯეტში რიცხავს დაგროვილ მოგებას;

 

Q:  როგორ ახორციელებს შესყიდვებს მუნიციპალური შპს?

 

A: აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ შპს ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას. მას გააჩნია შესყიდვების გეგმა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში ახორციელებს შესყიდვებს. ამასთანავე, იგი შეიძლება იყოს მიმწოდებელიც ტენდერში და თანაბარ კონკურენციაში ჩაებას კერძო კომპანიებთან ერთად.

 

გამომდინარე სამეწარმეო აქტივობებიდან, მუნიციპალური შპს სრულად ექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობას და შესაბამისად იხდის: მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ის), ქონებისა და დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადებს.

 

თვითმმართველობები  საწარმოებს, როგორც წესი, აფუძნებენ ისეთ სამეურნეო ფუნქციების შესასრულებლდ, როგორიც არის: დასუფთავება, გამწვანება, კეთილმოწყობა, ტრანსპორტი, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა  და სხვ. მუნიციპალური შპს, განხორიციელებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად ახდენს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფინანსური და პროგრამული ანგარიშების წარდგენას.

 

Q:  რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის შესახებ?

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, (ანუ ა(ა)იპ-ის) მუნიციპალიტეტი ძირითადად აფუძნებს სპორტის, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის სფეროებში.

 

არასამეწარმეო იურიდიული პირი წარმოადგენს იურიდიული პირის განსაკუთრებულ ფორმას. ა(ა)იპ–ის სხვა იურიდიული პირებისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი, კერძო სამართლის თვალსაზრისით, არის ის, რომ იგი არ არის კომერციული საქმიანობის საწარმოებლად და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია.

 

Q: რისი უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს?

 

A: მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს უფლება აქვს, ორგანიზება გაუწიოს მუნიციპალიტეტთან ერთობლივ ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში. ასევე, ითანამშრომლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე დაამყაროს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან[2].

 

არასამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით აკრძალული არ არის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული[3].

 

Q: როგორ ხორციელდება მუნიციპალური ა(ა)იპ-ის მართვა?

 

არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურის, მმართველობის  ფორმისა და მსგავსი ტიპის შიდასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის  უფლებამოსილება მთლიანად არასამეწარმეო იურიდიული პირის  დამფუძნებლების/წევრების ხელშია. ა(ა)იპ–ის ორგანიზაციული სტრუქტურა  წესრიგდება მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას[4].

 

Q: რა უნდა იცოდეს ჟურნალსიტმა მუნიციპალური ააიპ-ის ქონების განკარგვის შესახებ?

 

A: ა(ა)იპ-ს შეიძლება გააჩნდეს შემდეგი ქონება: პირველი –  დაფუძნების დროს გადაცემულ ქონებისა და, მეორე –  ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების პროცესში შექმნილი ან/და შეძენილი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანზე.  შესაბამისად იგი ახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვეთის ნორმების დაცვას და, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ქონების გადასახადის გაანგარიშებას.

 

როგორც წესი, თვითმმართველობები მათ მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ს ქონებას (შენობა-ნაგებობები; ინვენტარი) სარგებლობის უფლებით გადასცემენ და ამ ქონების რემონტსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებენ, თუმცა ა(ა)იპ-ის ბიუჯეტიდან შესაძლებელია შეძენილ იყოს რაიმე სახის ძირითადი საშუალება, რომელიც ბალანსზე აყვანას და წლების მიხედვით ცვეთის დარიცხვას ექვემდებარება.  ქონების გაქირავება ან/და ისეთი მომსახურების გაწევა, რომლის საფასურსაც მომსახურების მიმღები იხდის, წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, საჭიროა, გამოყენებულ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდა.

 

Q: რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა ააიპ-ს ფინანსური მდგომარეობის ანალიზისას?

 

A: რაც შეეხება ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის დაფინანსების მთავარი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტია, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შემოსავალიც. ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ა(ა)იპ-ს სუბსიდიის სახით (ტენდერის ან სხვა შესყიდვის საშუალების გამოყენების გარეშე) პირდაპირ ერიცხება ფინანსური რესურსი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 

ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის სწორედ საბიუჯეტო განაცხადი უნდა გამოითხოვოს ჟურნალისტმა. სწორედ ბიუჯეტის შედგენის (საბიუჯეტო პროცესის მსვლელობის) დროს ა(ა)იპ ახდენს საბიუჯეტო განაცხადის შევსებას და თვითმმართველობის საფინანსო სამსახურისთვის წარდგენას. განაცხადის ფორმას განსაზღვრავს თვითმმართველობა და ის, ძირითად შემთხვევებში, ბიუჯეტის ბალანსის ფორმის ანალოგიურია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლოს საფინანსო დოკუმენტაციის გაცნობა, რამდენადაც აღნიშნული ფინანსური რესურსი წარმოადგენს საჯარო ფინანსების ნაწილს და მათი გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ა(ა)იპ ყოველწლიურად აწვდის მის დამფუძნებელს  შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე შინაარსობრივ (ნარატიულ) ნაწილს. თვითმმართველობების უმეტესობაში ა(ა)იპ-ები მხოლოდ ფინანსურ ანგარიშს წარადგენენ, რომელიც საბიუჯეტო კოდებით არის გაწერილი. შინაარსობრივი ანგარიშის არარსებობა მიუთითებს დაგეგმვის და საქმიანობის განხორციელების დაბალ ხარისხზე.

 

მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობების მიერ მოხდეს არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის ადმინისტრირების ქმედითი მექანიზმის შემუშავება. აღნიშნული მოიცავს როგორც მონიტორინგის მიმდინარე პროცესს, ისე კონსულტირებას. იმისათვის, რომ თვითმმართველობამ განახორციელოს ადმინისტრირება, აუცილებელია ა(ა)იპ-ის საქმიანობის წესები და ნორმები დეტალურად იყოს გაწერილი. როგორც წესი, თვითმმართველობებში მსგავსი ტიპის დეტალიზაცია არ ხდება, რაც ართულებს მათ მიერ ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას.

 

Q: რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ის შესახებ?

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ კანონის თანახმად სსიპ შეიძლება შეიქმნას:

 

  • კანონით;
  • საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
  • სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში;
  • ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად;
  • ქალაქ თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

 

ამ განმარტებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა თბილისისა გარდა, სხვა თვითმმართველობებს არ შეუძლიათ და არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აფუძნებენ.

 

თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.

 

თბილისის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

 

თბილისის საკრებულო უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით.

 

თბილისის საკრებულო უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ს, მთავრობის წინადადებით დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა[5].

 

სასარგებლო რესურსები

 

  1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ, www.codex.ge
  2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, www.codex.ge
  3. საგადასახადო კოდექსი, www.codex.ge
  1. რეგიონალური მედიის ვებ-გვერდები

 

 

დავალებები სტუდენტებისთვის

 

  1. მოიძიეთ და განიხილეთ მედიაში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირების საქმიანობაზე მომზადებული მასალები.
  2. აუდიტორიაში განიხილეთ კონკრეტული ქეისები. მოაწყვეთ დისკუსია შემდეგ საკითხებზე: არის თუ არა მასალაში გამოყენებული ინფორმაცია საკმარისი? სად და როგორ შეეძლო ჟურნალისტს ეფექტურად გამოეყენებინა დამატებითი ინფორმაცია? დამატებით რა წყაროებიდან შეეძლო ინფორმაციის მოძიება ჟურნალისტს? მასალის რომელი ნაწილი საჭიროებს დამატებით განმარტებას?
  3. გაეცანით მუნიციპალური შპს-ების განხორიციელებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ფინანსური და პროგრამულ ანგარიშებს. მოიფიქრეთ კითხვები.
  4. მოამზადეთ მასალა, სადაც გააშუქებთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირების საქმინობას.

 

რეკომენდაციები ლექტორებისთვის

 

  1. მედიაში მოძიებული კონკრეტული ქეისებზე დაყრდნობით, მოაწყვეთ დისკუსია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირების საქმიანობის და ამ საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ.
  2. ქეისების შერჩევისას გამოიყენეთ რეგიონალური მედია საშუალებების გამოცემებიც.

 

საკონტროლო კითხვები

  1. რა სახის იურიდიული პირების დაფუძნების უფლება აქვს მუნიციპალიტეტს?
  2. აქვთ თუ არა თვითმმართველობებს უფლება დააფუძნონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და რა შემთხვევაში?
  3. როგორია მუნიციპალური საწარმოს მართველობითი სტრუქტურა და რა პროცედურების დაცვით ხორციელდება შესყიდვები?
  4. როგორც წესი, რა სფეროებში აფუძნებს მუნიციპალიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს და როგორ ხორციელდება მისი მართვა?
  5. რა შემთხვევაში შეიძლება მუნიციპალიტეტმა დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და როგორ ხორციელდება მისი მართვა?

[1] „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – მუხლი 52

[2] „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – მუხლი 20

[3] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,  მუხლი 25

[4] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,  მუხლი 35

[5] „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – მუხლი 79