სერვისების მიწოდებისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაშუქება

ოთარ კიკვაძე, ნინო ჭალაგანიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მოსახლეობისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაა. შესაბამისად, რეგიონული მედიისათვის პრიორიტეტი სწორედ ინფრასტრუქტურული პროგრამებისა და იმ გადაწყვეტილებების გაშუქებაა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა მოგვარდეს.

2014 წლის ივლისიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლის ფარგლებში განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი კომპეტენციები. ქვემოთ განვიხილავთ იმ კომპეტენციებს, რომლებიც თვითმმართველობის მიერ სერვისების მიწოდებასა და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ეხება:

 

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა;
  • მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა;
  • წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა;
  • ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება;
  • მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა.

 

აღნიშნულ საქმიანობის განხორციელებას მუნიციპალიტეტში, გამგეობის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, მედია მუშაკი თავად იყოს გარკვეული იმ პროცესებსა და პროცედურებში, რომელთა მიხედვითაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად, რომელი სამსახური აგებს პასუხს სხვადასხვა ყოფითი პრობლემის მოგვარებაზე; ასე, მაგალითად: რომელი  დაწესებულების პრეროგატივაა დაზიანებული წყალსადენის აღდგენა, რომელი სამსახურია ვალდებული, შეისწავლოს და გააანალიზოს რეგიონში არსებული ძირითადი პრობლემები და სხვ. ამ ტიპის ინფორმაცია დაეხმარება ჟურნალისტს, დროისა და ენერგიის დაზოგვით, აჩვენოს მოსახლეობას რეალური სურათი, გააცნოს არსებული პრობლემატიკა და მდგომარეობის ოპტიმიზაციის გზებიც დასახოს.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმარებისას  პრიორიტეტული ხდება  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო თანხების განსაზღვრა, რაც შემდგომ ასახვას სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ჰპოვებს. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დიდი  ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტებს ხმარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფრასტრუქტურული ერთეულების (მაგლითად, გზების) მაჩვენებელი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისათვის უნდა მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის კლასიფიკაცია და აღრიცხვა, რისთვისაც მუნიციპალიტეტს უნდა გააჩნდეს შემუშავებული შიგა სისტემა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში უნდა აღირიცხოს ყველა არსებული ინფრასტრუქტურული ერთეული და მოხდეს მათი კლასიფიკაცია (დაჯგუფება) გარკვეული ნიშნით, ამასთან აღნიშნული მონაცემები გარკვეული პერიოდულობით უნდა განახლდეს. აღნიშნული სისტემის არსებობა პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვასთან. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით არსებული მუნიციპალური სტატისტიკა, უმეტესად, მოუწესრიგებელია და არსებული ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მოძველებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული ერთეულების მდგომარეობას, მათი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ამისათვის თვითმმართველი ერთეულები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად[1] განახორციელონ აღრიცხვა.

ბრძანებაში მოცემულია შესაბამისი ფორმები, სადაც უნდა აისახოს მონაცემები ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურული ერთეულების შესახებ (მაგ. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურული ერთეულების, მათ შორის: შენობა-ნაგებობების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და სხვ.) ფინანსური ღირებულება კონკრეტული წლის დასაწყისისთვის და ღირებულება წლის ბოლოსთვის.

ადგილობრივ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო სახსრების განსაზღვრისათვის აუცილებელია განხორციელდეს ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სახსრების,  შესაძლებლობების ფარგლებში, გათვალისწინება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის კოდექსმა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემად განსაზღვრა კაპიტალური ტრანსფერი, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის ინიციატივის საფუძველზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ფულადი რესურსების გადაცემას.

მედია, რომელიც რეგიონული საკითხებითაა დაინტერესებული, კარგად უნდა ერკვეოდეს იმ პროცესებსა და პროცედურებში, რომელთა მიხედვითაც  ბიუჯეტის ფორმირება ხდება. ამდენად, ზემოთ განმარტებული პროცედურა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია ჟურნალისტებისათვის. გარდა იმისა, რომ აუდიტორიისათვის საინტერესოა, რა ეტაპზეა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის გარემოებაც, თუ როგორ უნდა მიაწოდონ ხმა მუნიციპალიტეტს, რათა მათი პრობლემები პრიორიტეტულად იქნას მიჩნეული.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტის სისტემური მონიტორინგი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, ერთი მხრივ, იქ მიმდინარე პროცესების მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე მიწოდება, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი კონტროლის ფარგლებში საჯარო მოხელეების მუშაობის დაკვირვება/შეფასება, მედიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

თემა N 2:

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება

არსებული მდგომარეობის არასათანადოდ შეფასება, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალური ფინანსების არაეფექტიანი ხარჯვის საფუძველი ხდება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებისათვის მუნიციპალიტეტებს საშუალება აქვთ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში  „კონკურსი“ გამოაცხადონ[2]. კონკურსის პირობებში მოცემული უნდა იყოს შესასრულებელი საქმიანობის დეტალური აღწერა, ასევე ინფორმაცია თანხის იმ ოდენობაზე, რაც მუნიციპალიტეტს აქვს გამოყოფილი მოცემული პროექტის განხორციელებისათვის. კონკურსში გამარჯვებული საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია, შეისწავლოს და შეაფასოს არსებული მდგომარეობა და მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ფორმით, (მონეტარული ზღვრების შესაბამისად), დებს ხელშეკრულებას კერძო მიმწოდებელთან, რომელიც ვალდებულია, ინფრასტრუქტურული პროექტი საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შესაბამისად განახორციელოს.

ნებისმიერი სახის აქტივობა და, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მოითხოვს გარკვეული ვადების დაცვას, რომელიც წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. საპროექტო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული აქტივობის განხორციელებისათვის საჭირო პერიოდთან დაკავშირებით, რაც შემდგომ საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს აუცილებელია შემსყიდველს (მუნიციპალიტეტს) გააჩნდეს ინსპექტირების ჯგუფი (რაც, ასევე ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული), რომელიც ეტაპობრივად აკვირდება კონკრეტული პროექტის მიმდინარეობას, რათა რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაში, დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები. გარდა ამისა, შემსყიდველს (მუნიციპალიტეტს), გრძელვადიანი პროექტის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს სამუშაოთა შესრულების ეტაპობრივი ჩაბარება, ხოლო ჩაბარების ყველა ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა, რაც ასევე სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარე ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისათვის შესაძლებელია მიღებულ იქნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული ზომები. მაგალითად, პირგასამტეხლო სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებულ დღეებზე და სხვ.

კონკურსების მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი შესაძლებელია როგორც ელექტრონული სისტემების გამოყენებით, ასევე თავად მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის საშუალებით. მედიამ უნდა მოიპოვოს და გადაამოწმოს ინფორმაცია, ასევე, გაარკვიოს,  რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება კონკრეტული ვითარებისა თუ პრობლემის შესახებ, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გეგმავს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დროულად გაიგოს, თუ რა ტიპის მომსახურებისათვისაა გამოცხადებული კონკურსი, რათა არ განმეორდეს ისეთი ქრესტომათიული შემთხვევები, ორი მოხუცით დასახლებულ სოფელში საბავშვო მოედნის მშენებლობაში რომ იხარჯებოდა თანხები.

მედია – როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი, აქტიურად უნდა აშუქებდეს იმ ხარვეზებსა და პრობლემებს, რომლებიც ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას წარმოიშვება. აქვე აღსანიშნავია, რომ საინტერესო იქნება მედიის მიერ მოპოვებული ფაქტებისა და მუნიციპალიტეტში არსებული ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნების შედარება.

 

    თემა N 3:

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სერვისების მიწოდების პროცესში არსებული პრობლემები

აღსანიშნავია, რომ მოცემული კომპეტენციების ფარგლებში მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირის გამო უმეტეს მუნიციპალიტეტებში მანკიერი პრაქტიკა დამკვიდრდა რაც იმაში გამოიხატება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სერვისების განვითარება (მაგ. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაგება, შენახვა და მოვლა-პატრონობა, დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისი, გარე განათების უზრუნველყოფა, სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა და სხვ.) ძირითადად ადმინისტრაციულ ცენტრებში ხდება. სერვისებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არაერთი პრობლემა არსებობს, მაგ. განვიხილოთ დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სერვისი.

დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემების მართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. აღნიშნული მომსახურება მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დაგვა-დასუფთავებას და ნარჩენების შეგროვებას, შემდგომ კი ამ და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაბამისი ტრანსპორტით გადატანას სპეციალურ ნაგავსაყრელებზე, სადაც ნარჩენების სეპარირება და მათი უტილიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომსახურების განხორციელება საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული და, აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა მის განხორციელებას მხოლოდ ადმინისტრაციულ ერთეულში ახერხებს (უმეტეს მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სოფლებიდან გატანაც კი ვერ ხერხდება). აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ არსებობს დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის რაიმე სტანდარტი/ნორმა და, შესაბამისად, საკრებულომ თავად უნდა შეიმუშაოს გარკვეული წესი და, ნორმატიული აქტის საფუძველზე, უნდა დაარეგულიროს ამ მომსახურებების განხორციელება. აღნიშნული წესის  საფუძველზე საკრებულომ უნდა განახორციელოს მოცემული მომსახურების ხარჯების დათვლა, შესაბამისი ფინანსური რესურსების გათვალისწინება ბიუჯეტში და მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა ადგილობრივი, ფიზიკური თუ იურიდიული, პირებისათვის. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსაკრებლის ადმინისტრირება ამოღების თვალსაზრისით უმეტესი მუნიციპალიტეტებისათვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადგილობრივ თვითმმართველობას “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, უფლება აქვს შემოიღოს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები. მოსაკრებლის განაკვეთი განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-12 მუხლით: „მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით“. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს მუნიციპალიტეტებში მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა დადგენილი, მაინც პრობლემას წარმოადგენს მოსაკრებლის ფიზიკური პირებიდან ამოღების დაბალი დონე, რაც განპირობებულია იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში არ იძლევა რაიმე ტიპის ჯარიმის/სანქციის დაწესების საშუალებას. შესაბამისად საბოლოო ჯამში ვიღებთ შემდეგ სურათს, თვითმმართველობების უმეტესობა სერვისს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციულ ცენტრში და ვერ უზრუნველყოფს ტერიტორიის სრულად დაფარვას, რითაც მოსახლეობას არათანაბარ პირობებში აყენებს. ამასთან ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ამოღებას იმ პირებისგანაც კი ვისაც სერვისი მიეწოდება.

მოსაკრებლის გადაუხდელობის მიზეზების ძიება მედიისათვის ერთ-ერთ საინტერესო თემად შეიძლება იქცეს. ჟურნალისტმა, შესაძლოა, განავითაროს რამოდენიმე სიუჟეტური ხაზი:

  1. რატომ არ იხდის მოსახლეობა გადასახადს;
  2. რამდენად საკმარისია გადასახადი მოთხოვნილი მომსახურების მისაღებად;
  3. რატომ არ ხდება სოფლიდან ნარჩენების გატანა მაშინ, როცა მოსახლეობა გადასახადს იხდის.

აქვე, შესაძლებელია ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ჩართვით მოხდეს იმ გაანგარიშებების გაკეთება და აუდიტორიისათვის წარმოდგენა, რომელიც დაადგენს, დაახლოებით, რა თანხებს საჭიროებს მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვასთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

იმავე ტიპის ჟურნალისტური საქმიანობა უნდა განხორციელდეს სხვა აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სერვისების მართვას უკავშირდება.  მაგალითად, აუდიტორიისათვის საინტერესო იქნება იმის დადგენა, თუ როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, აქვს თუ არა ადგილობრივ მთავრობას განსაზღვრული რესურსები და როგორ შეიძლება მათი გონივრული გადანაწილება.

რეგიონული მედია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ სერვისებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ასევე, ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ თავად უნდა იყოს ადგილობრივ მოსახლეობაში მსჯელობისა და თემის აქტუალიზაციის ინსპირატორი. ამიტომ, მედია მუშაკთათვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ეცნობოდნენ მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ პროექტებს.

 

    თემა N 4:

მოქმედი სტანდარტები და ნორმები

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-18 მუხლის შესაბამისად, „ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში შესაბამისი ნორმატიული აქტით დაადგინონ სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, ძირითად სამართლებრივ საფუძველს კვლავ საბჭოთა პერიოდის სტანდარტიზაციის სისტემა წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) მიერ მიღებული იქნა ბრძანება ,,საქართველოს ეროვნული სტანდარტის სსტ ისო 9001 : 2003 “ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – მოთხოვნები” დამტკიცების შესახებ. ბრძანების მეორე მუხლის თანახმად, ,,აღნიშნული სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია”. ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების გამოყენება პირდაპირ კავშირშია შესრულებული სამუშაოების ხარისხთან, შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტები  მაგ. ყოველწლიურად აგებენ ერთიდაიგივე გზის მონაკვეთს.

ეს და მსგავსი შემთხვევები, კარგი საფუძველია ჟურნალისტური გამოძიების საწარმოებლად. სამწუხაროდ, რეგიონულ მედიაში შეიმჩნევა ჟურნალისტური გამოძიებების სიმცირე, რაც რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებითაა გამოწვეული. თუმცა ჯანსაღი საზოგადოებრივი გარემოს უზრუნველსაყოფად, ჟურნალისტური გამოძიება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რადგან დამოუკიდებელი კონტროლის ერთ-ერთ საუკეთსო საშუალებას წარმოადგენს. მაყურებლის, მსმენელისა და მკითხველისათვის საინტერესო იქნება,  რატომ არ დაიგო მისი სოფლის გზა, როცა ცენტრალურ მაგისტრალს უკვე 3 წელია, პერმანენტულად აწესრიგებენ. მოსახლეობა აუცილებლად დაინტერესდება გამომწვევი მიზეზებით: იყო ეს ვინმეს პირადი ინტერესი თუ გზის უხარისხო  დაგება კომპანიის ან კონკრეტული ჩინოვნიკის გულგრილობამ გამოიწვია და ა.შ.

სტანდარტებისა და ნორმების დაცვა  სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას უზრუნველყოფს, აქედან გამომდინარე, აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება მედიის მიერ მიწოდებული ცნობები, რამდენად არის დაცული სახელმწიფო სტანდარტი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სერვისებთან დაკავშირებულ პროექტებში.

 

    თემა N 5:

ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება მუნიციპალურ დონეზე

მუნიციპალურ დონეზე, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა, ახორციელებენ:

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი;
  • რეგიონებში პროექტების განმახორციელებელი ფონდი;

ამასთან, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლების დონეზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამით, თითოეულ სოფელს ყოველწლიურად გარკვეული ფინანსური რესურსები გამოეყოფა. პროგრამა მტკიცდება ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო 2009 წლიდან. 2014 წელს აღნიშნული პროგრამისათვის გამოყოფილია 50 მლნ. ლარი[3]. თანხების გადანაწილება სოფლებზე დადგენილების შესაბამისად ხდება შემდეგი პრინციპით:

ა) 1-იდან 200 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 4 000 ლარი;

ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 5 000 ლარი;

გ) 401-დან 1 000 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 8 000 ლარი;

დ) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.

ზემოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად განაწილების შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებული  თანხის ნაშთი სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებელი იანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 12.018585 კოეფიციენტის ნამრავლით.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებს, ასევე, განსაზღვრული აქვს გამოყენების მიზნობრიობა სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად:

ა)  პროგრამით განსაზღვრული თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების  აღჭურვას, და/ან გრძელვადიანი  სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას;

ბ) განსახორციელებელი პროგრამის (პროგრამების) დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი  უნდა აისახებოდეს  სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე;

გ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან მომსახურება მიმართული უნდა იყოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

დ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლ(ებ)ის მოსახლეობა.

ამასთან, დასაშვებია რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები) გადასაწყვეტად.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, წლის დასაწყისში სოფლის რწმუნებულები ახორციელებენ სოფლის შეკრებების ორგანიზებას და პრიორიტეტების გამოვლენას. შეკრებებზე საბოლოოდ გამოვლინდება ის კონკრეტული საჭიროება, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია მოხდეს სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში. შემდეგ ეტაპზე ხდება კონკრეტული სამუშაოს შემსრულებლის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება, სამუშაოს შესრულება, შესრულების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს ჩაბარება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მისი მოსახლეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, რამოდენიმე საჯარო სტურუქტურა ემსახურება. მათი საქმიანობის შეფასების, კონტროლისა და მონიტორინგისათვის რეგიონული მედიაა მოწოდებული, რადგან ე. წ. ეროვნული მაუწყებლები, რესურსებისა და საეთერო ბადის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ ტიპის მოვლენებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც რეზონანსულ შემთხვევებს წარმოადგენს. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების ტვირთი სწორედ ადგილობრივ მედიას აწევს.

მედია, ბალანსისა და ფაქტების დადგენის პრინციპების გათვალისწინებით უნდა აშუქებდეს მიმდინარე პროცესებს და, ამასთანავე, მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევდეს,  კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით აზრი თავად გამოთქვას.

რეგიონულ მაუწყებლებს შეუძლიათ, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და მათ გადასაწყვეტად შექმნილ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის ერთგვარ შუამავლებად იქცნენ. მედიამ უნდა უკარნახოს მუნიციპალიტეტს ის ძირითადი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტური გამოძიება კი კარგი საშუალებაა, დროულად აღმოვაჩენოთ რეგიონის განვითრების ხელისშემშლელი ფაქტორები და ადგილობრივ თვითმმართველობას  მოსახლეობისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნაში დავეხმაროთ.

 

საკონტროლო კითხვები:

  1. ჩამოაყალიბეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ფუნქციები;
  2. რატომ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტის სისტემური მონიტორინგი მედიისა და მოქალაქეების მხრიდან? ჩამოაყალიბეთ პუნქტობრივად.
  3. რა მიზნებს ემსახურება მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კონკურსის გამოცხადება?
  4. რა სახის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს ინფრასტრუქტურული საპროექტო დოკუმენტაცია?
  5. როგორ ხორციელდება დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემების მართვა?
  6. რას ითვალისწინებს საქართველოს კანონი “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”?
  7. დაასახელეთ რამდენიმე აქტუალური თემა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სერვისების მართვას უკავშირდება და ჟურნალისტების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
  8. მუნიციპალურ დონეზე, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა, კიდევ რომელი სამსახურები ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროგრამებს?
  9. რა მომსახურებას/დახმარებას გულისხმობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“?

[1]  „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #364 ბრძანება.

 

[2] სახელმწიფო შესყიდვის ერთერთი ფორმა, რომელიც ძირითადად საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოიყენება.

[3] საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 20 თებერვლის #183 დადგენილება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ