სკოლამდელი განათლების საკითხების გაშუქება

აღნიშნული თემების გაშუქება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ასე, მაგალითად: სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა, როგორც წესი, ჟურნალისტებთან კონტაქტს უფრთხის. აქვე, ხშირად იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჟურნალისტების არასაკმარისი ინფორმირებულობა. შედეგად კი ბავშვებთან დაკავშირებული მასალების სრული უმეტესობა, დაახლოებით, ერთგვაროვანი ხარვეზებით ხასიათდება.

შესავალი

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად, სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ადრეული განათლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი პიროვნული, სოციალური და აკადემიური განვითარების, ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, სხვადასხვა უნარის განვითარებისა და   ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაც მიეცემა.

აღნიშნული საკითხები მედიისათვისაც აქტუალურია. არასრულწლოვნები ხშირად ექცევიან ჟურნალისტის თვალთახედვის არეში. ბავშვთა საკითხებზე ადეკვატური, არადისკრიმინაციული, ხარისხიანი მასალების შექმნა, რომლებიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს შეესაბამება და, ამასთანავე, იცავს ბავშვთა უფლებებს, თანამედროვე ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ბავშვთა ინტერესების გაშუქებას ან, თუნდაც, უგულებელყოფას, თანაბრად შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს, ერთი მხრივ, ბავშვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე და, მეორე მხრივ, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებაზე არასრულწლოვანი მოქალაქეების მიმართ.

ასაკისა და ფსიქოლოგიური წყობიდან გამომდინარე, ბავშვები განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან. მათ ზრდასრულებზე მეტად უჭირთ სოციალიზაცია და თავის დამკვიდრება საზოგადოებაში. უუნარონი არიან, თავი დაიცვან გარემოს მავნე ზეგავლენისა თუ სხვა აგრესიული ფაქტორების წინააღმდეგ. მგრძნობიარე ასაკში მიღებული უარყოფითი და დადებითი გამოცდილებაც, ბავშვთა მომდევნო განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამ პრიზმაში მეტად საყურადღებოა მედიის როლი, რომელიც, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოზარდისათვის დადებითი ან უარყოფითი იმპულსის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს.

თემატიკის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ ის ერთდროულად რამდენიმე სპეციფიკურ საკითხს მოიცავს:

  1. განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების გაშუქება;
  2. ბავშვის როლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების/პრობლემების შესწავლა და აუდიტორიამდე მიტანა.

ბავშვი, როგორც პიროვნება, ბავშვის მოთხოვნები და საჭიროებები – ასეთი კუთხით ქართულ მედიაში არასრულწლოვანთა თემა, თითქმის, არ შუქდება. დანალკისის გადაფარვა კი სენსაციური თუ ვითომ სენსაციური სიუჟეტების აქცენტირებით ხდება შესაძლებელი. მედიის პრიორიტეტი კონკრეტული თემიდან სკანდალური ამბის შეთხზვაა. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით რთულ ფორმას იძენს მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს ეხება.

არსებობს მრავალი სტერეოტიპი – ბავშვები, რომლებსაც ხატავენ როგორც ძალადობის, კონფლიქტების, დანაშაულისა და სიღარიბის უმწეო მსხვერპლთ; ასევე ბავშვები, რემლებსაც მოზრდილთა სამყაროს გასართობ აქსესუარებად განიხილავენ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნული თემების გაშუქება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ასე, მაგალითად: სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა, როგორც წესი, ჟურნალისტებთან კონტაქტს უფრთხის. აქვე, ხშირად იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჟურნალისტების არასაკმარისი ინფორმირებულობა. შედეგად კი ბავშვებთან დაკავშირებული მასალების სრული უმეტესობა, დაახლოებით, ერთგვაროვანი ხარვეზებით ხასიათდება. კრიმინალური და სენსაციური მასალების მიღმა კი მედია, ბავშვებით, უმეტესად, 1 ივნისს ან ბავშვებთან დაკავშირებულ სხვა დღესასწაულებზე თუ ინტერესდება.

მედიისათვის მნიშვნელოვანი იცოდეს, რომ საქართველოში 2005 წელს განხორციელდა სკოლამდელი განათლების სიტემის რეორგანიზაცია და დეცენტრალიზაცია. შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების შექმნის, მათი დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის მართვასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის ვალდებულება. ბუნებრივია, ამ ცვლილებებმა გამოიწვია საკანონმდებლო სფეროს მოწესრიგება და ახალი რეგულაციების შექმნა.

თემა N 1:

სკოლამდელი განათლების საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის

მიმოხილვა

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით“. აღნიშნული ჩანაწერი უმთავრესი საფუძველია იმისათვის, რომ სახელმწიფოში არსებობდეს სკოლამდელი აღზრდის ისეთი სისტემა, სადაც მოზარდის სრულფასოვანი განვითარების ყველა პირობა იქნება უზრუნველყოფილი.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის კ1 პუნქტის მიხედვითადგილობრივი თვითმმართველობა:

  • აფუძნებს სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო, სკოლის გარეშესაგანმანათლებლო სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
  • აღნიშნული კანონის 26-ე მუხლი ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებას ზოგადი განათლების სფეროში, რაც გულისხმობს სამინისტროს მიერ აღნიშნულ სფეროში პოლიტიკის განსაზღვრას, ეროვნული სასწავლო გეგმების შემუშავებას და სხვ.

სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის №308/ნ ბრძანებით დარეგულირებულია სკოლამდელი აღზრდის სფეროს შემდეგი მიმართულებები:

  • მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი;
  • მოთხოვნები შენობებისადმი;
  • მოთხოვნები ბუნებრივი და ხელოვნური განათებისადმი;
  • ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ხელოვნური განათებისათვის რეკომენდაციები;
  • მოთხოვნები სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობისადმი;
  • მოთხოვნები სათავსების მოწყობისადმი;
  • მოთხოვნები სათავსებისა და ნაკვეთის სანიტარიული მდგომარეობისადმი;
  • მოთხოვნები სითბურ-საჰაერო რეჟიმისადმი;
  • მოთხოვნები კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტების შენახვისა და საკვების მომზადებისადმი;
  • პერსონალის პირადი ჰიგიენა;
  • მოთხოვნები სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მიღების წესებისადმი;
  • მოთხოვნები დღის რეჟიმისა და სასწავლო მეცადინეობის ორგანიზებისადმი;
  • მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი;
  • მოთხოვნები ფიზიკური აღზრდის ორგანიზებისადმი;
  • ფიზიკური აღზრდის მეცადინეობათა სახეები და სამუშაოს ფორმები;
  • მოთხოვნები სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰიგიენური სწავლებისა და აღზრდისადმი;
  • პასუხისმგებელობა სანიტარიული წესების დაცვაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ თითოეული წესი და ნორმა საჭიროებს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ, სამოქალაქო კონტროლს, ამისათვის კი მედია ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია.

 

ჟურნალისტური ინფორმაცია, უპირველესად, საზოგადოებისათვის უნდა იყოს სასარგებლო. აქედანვე მომდინარეობს მეოთხე ხელისუფლების ცნობილი მეტაფორაც. ჟურნალისტი თამამად უნდა დაინტერესდეს ისეთი თემებით, როგორიცაა სკოლამდელი დაწესებულებების შენობის ნორმასთან შესაბამისობა, სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, ბავშვის განვითარებისათვის საჭირო სასწავლო მასალის არსებობა, სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგის სიხშირე და მიღებული შედეგები და ა. შ.

ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის №280/ნ ბრძანება, სკოლამდელ დაწესებულებებში არეგულირებს შემდეგ საკითხებს:

  • ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი;
  • სხეულის ჭარბი წონის მქონე ბავშვების კვება;
  • ალერგიული ბავშვების კვება;
  • რეკონვალესცენტ ბავშვთა კვების თავისებურებანი;
  • მოთხოვნები კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტების შენახვისა და საკვების მომზადებისადმი;
  • კვების ბლოკის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენა;
  • საკვები პროდუქტების ორგანოლეპტიკური შეფასება;
  • მოთხოვნები ბავშვთა და მოზარდთა აღმზრდელობით და სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებებისადმი.

ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ სკოლამდელი განათლების საკითხები შემდეგი მუხლებში არის აკუმულირებული:

  • მე-16 მუხლის ქვეპუნქტის მიხედვით თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსლიებაა-მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი დასკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნადამათიფუნქციონირებისუზრუნველყოფა;
  • 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად – აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისადაკვებითი მომსახურებისათვის. 2013 წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო.

2010 წელს შემუშავებულ იქნა „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები“ რომელიც მომზადდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.

სტანდარტები სტრუქტურულად დაყოფილია სხვადასხვა მიმართულებებად, რომლებიც ორიენტირებულია სწავლისა და განვითარების შემდეგ სფეროებზე:

  • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
  • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;
  • სწავლისადმი მიდგომა;
  • მეტყველების განვითარება;
  • სოციალურ-ემოციური განვითარება;

მედია მოწოდებულია გააშუქოს ის პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც სულიერად ისე ფიზიკურად ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებას. სწორედ ამიტომ სკოლამდელ დაწესებულებებში კვებისა და ფიზიკური განვითარების ორგანიზება მედია მუშაკებისათვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას საკვები სტანდარტის მინიმუმი და ის, თუ რამდენად ახერხებს სკოლამდელი დაწესებულება ამ მინიმუმზე უკეთესი პირობების შექმნას. საკვები სტანდარტის გაშუქებისას მნიშვნელოვანია ისეთი დეტალების გამორკვევა, რომლებიც ნორმატიული აქტებითაა გათვალისწინებული, თუმცა მათ ნაკლები ყურადღება ექცევა კონტროლისა და მონიტორიგნისას. მაგალითად, მნიშვნელოვან თემად შეიძლება ჩაითვალოს ჭარბი წონის მქონე ბავშვთა მდგომარეობა, რომელთა კვებასაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. რეგიონული მედიისათვის საინტერესო საკითხია, თუ რამდენად ხშირად ხდება მზარეულთა და სხვა პერსონალის გადამზადება და რამდენად იცნობენ ისინი შესაბამის სტანდარტებს.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხებით მედიის დაინტერესება უნდა ხდებოდეს პერმანენტულად, გეგმიური მონიტორინგის პრინციპით და არ მაშინ, როცა ამა თუ იმ საკითხის აქტუალიზაცია კონკრეტული შემთხვევით იქნა გამოწვეული. მედია მუდმივად უნდა ცდილობდეს, თავად იყოს საზოგადოებაში განსჯისა და ანალიზის პროცესის ინსპირატორი.

 

 

თემა N 2:

საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯმენტის სისტემები და სკოლამდელი განათლების ხელშემწყობი სტრუქტურა

საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯმენტის სისტემების ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის თვითმმართველობების მიერ შექმნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საბავშვო ბაღების გაერთიანებები (თბილისში ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“) რომელთა ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

  • უზრუნველყოს სკოლამდელი მართვის პოლიტიკის განხორციელება და შიდა მონიტორინგი;
  • უზრუნველყოს სკოლამდელი დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა;
  • უზრუნველყოს სკოლამდელი დაწესებულებების ფინანსური მონიტორინგი;
  • ხელი შეუწყოს სკოლამდელ დაწესებულებებში თანამშრომელთა პროფესიულ განვითარების პროცესს;
  • ხელი შეუწყოს სკოლამდელ დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესს;
  • ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას და ა. შ.;
  • სკოლამდელი განათლების სფეროს ხელშესაწყობად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო.

   სამმართველოს მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;  მუნიციპალიტეტების დახმარება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვისა და ორგანიზების  საქმეში, მათი სახელმძღვანელოები თუ ზრუნველყოფა და საბავშვო ბაღების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. სამმართველო  ზრუნავს, რათა ხელი შეეწყოს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადებას და მათთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას. სამმართველოს მიერ შექმნილია:

სკოლამდელი განათლების ვებგვერდი www.preschooleducation.ge, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია, როგორც, ზოგადად, სკოლამდელი განათლების, ასევე საერთაშორისო კონფერენციის  შესახებ. საზოგადოებას საშუალება აქვს გაეცნოს საკონფერენციო თემებსა და პრეზენტაციებს, სკოლამდელი განათლების სფეროში არსებულ პუბლიკაციებსა და მიმდინარე პროექტებს;

  • შეიქმნა სკოლამდელი განათლების მონაცემთა ბაზა, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღებისა და იქ არსებული  მდგომარეობის შესახებ;
  • გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელოები სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთა და სპეციალისტთათვის: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები,  სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა, თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემოდა ა.შ. ასევე შეიქმნა სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის შესასწავლად.

 

რეგიონული მედიისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯმენტისა და განათლების სისტემის გაშუქება იძენს, რადგან ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რეგიონებში განთავსებულ დაწესებულებებში ხშირია ეთნიკური უმცირესობებისათვის სპეციალური ჯგუფების არსებობა. აღნიშნული პრაქტიკა ცალკეულ განხილვებსა და სისტემატიზირებას საჭიროებს. პროგრამა, რომელის მიხედვითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარება მიმდინარეობს, ადაპტირებული უნდა იყოს ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისათვის, ვისთვისაც მშობლიური ენა ქართული არ არის.

გარდა ამისა, შესწავლის ობიექტად შეიძლება იქცეს, თუ რამდენადაა გათვალისწინებული სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების მუშაობის გრაფიკი კონკრეტული რეგიონის სპეციფიკასთან მიმართებით. ცნობილია, რომ ასეთი დაწესებულებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს შრმოისუნარიანი მოსახლეობისათვის მუშაობის უფლების განხორციელების ხელშეწყობა, რადგან დასაქმებულთა ის ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვისათვის ძიძის აყვანას, სწორედ სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებს მიმართავენ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ასეთი დაწესებულებების მენეჯმენტისას, რამდენად ხდება კონკრეტულ რეგიონში დასაქმების სპეციფიკის გათვალისწინება.

გაშუქების პროცესში მნიშვნელოვანია შევეხოთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ბავშვის სოციალიზაციის ხელშეწყობა, სპეციალიზირებული პროგრამების არსებობა განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე ბავშვებისათვის. მნიშვნელოვანია შევისწავლოთ და გავაშუქოთ მშობლების დამოკიდებულება სკოლამდელი დაწესებულებების მიმართ.

 

თემა N 3:

სამომავლო გეგმები სკოლამდელი განათლების საკითხებთან დაკავშირებით

 

კანონ-პროექტი ,,ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ“

კანონ-პროექტის ,,ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ“ შემუშავება საქართველოს პარლამენტის ინიციატივით დაიწყო 2013 წლის დეკემბერში. კანონპროექტის მომზადების მხარდაჭერას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). აღნიშნული კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველობები, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა სამინისტროები (ფინანსთა სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო). საბოლოოდ, აღნიშნული კანონპროექტი გადაეგზავნა პარლამენტს. შემოდგომაზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი. ასევე, პარალელურად, კანონ-პროექტის მიხედვით კანონი მოაწესრიგებს საქართველოში ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვისა და განათლების, სკოლამდელი განათლების და წინა სასკოლო განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, ადგენს მათი დაფუძნების, ლიცენზირების, საქმიანობის, განვითარების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის წესს, ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვისა და განათლების, სკოლამდელი განათლების და წინა სასკოლო განათლების მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, ხარისხის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების სამართლებრივ საფუძვლებს. კანონი ადგენს სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა იურიდიული ან/და ფიზიკური პირების უფლებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებს, პასუხისმგებლობას, კომპეტენციის ფარგლებს, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაფინანსების სისტემასა და პრინციპებს.

მუშავდება   სტრატეგია ,,ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ“აღნიშნული სტრატეგიის მომზადებაში ჩართულები არიან: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველო“, World Vision, ადგილობრივი და საერთაშორისო ექპერტები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF )მხარდაჭერით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო ამუშავებს ეროვნულ მოდელს 5-წლიანი ბავშვების სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით. ასევე, ილიას უნივერსიტეტის ჩართულობით, მზადება სკოლამდელი განათლების მასწავლებლების მომზადება/ გადამზადების პროგრამების დიზაინი/კურიკულუმი.

მედია მუშაკთათვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება იქცეს კონკრეტული საკითხების მუდმივი მონიტორინგი და მასზე მუშაობა, რადგან აღნიშნული საქმიანობა პროცესში ჩართულობასა და ისეთი დეტალების კვლევა-ძიებას მოითხოვს, რომელზეც რიგით მოქალაქეს ხელიც ნაკლებ მიუწვდება და ყურადღებას არასათანადოდ გაამახვილებს. რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ყოფითი (სოციალური) პრობლემებითაა დაკავებული, სწორედ მედია იქცევა იმ გენერატორად, რომელიც საზოგადოებაში არსებული პრობლემების წინ წამოწევას ცდილობს და რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც თუ სახარბიელო შედეგების მოტანა შეუძლია.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ჟურნალისტები მუდმივად იყვნენ ჩართულნი კონკრეტული საკითხის შესახებ წამოწყებულ ახალ პროცესებში და მიეხმარონ საზოგადოებას, სწორად აღიქვას კონკრეტული ინიციატივის არსი და გამომდინარე შედეგები. ეს კი საკითხის სისტემური შესწავლითა და მის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციით მიიღწევა.

მედია მოწოდებულია, გააშუქოს არამხოლოდ მოვლენები, არამედ პროცესები, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ პროცესი იძლევა იმ შედეგებს, რაც საზოგადოების გაჯანსაღებისკენაა მიმართული. რეგიონული მედიის შემთხვევაში კი, ხშირად, სწორედ მედია ხდება ის რგოლი, რომელსაც საზოგადოების ყოველდღიური რუტინული პრობლემებისაგან მოწყვეტა და მათი ახლადწარმოქმნილი ან უკვე დიდი ხნის არსებული, თუმცა მივიწყებული პრობლემების გარშემო კონსოლიდაცია შეუძლია.

 

 

საკონტროლო კითხვები:

  1. რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარება და რატომ?
  2. რა ძირითადი ხარვეზები ახასიათებს ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ მედია მასალებს?
  3. როდის განხორციელდა საქართველოში სკოლამდელი განათლების სისტემის რეორგანიზაცია და დეცენტრალიზაცია. აღწერეთ დამდგარი შედეგები და ცვლილებები საკანონმდებლო სფეროში.
  4. რა და რა საკითხები რეგულირდება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებით?
  5. ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ სკოლამდელი განათლების საკითხები რომელ მუხლებშია აკუმულირებული?
  6. ჩამოაყალიბეთ 2010 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შემუშავებული დოკუმენტი „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები“.
  7. დაასახელეთ სკოლამდელ დაწესებულებებში კვებისა და ფიზიკური განვითარების ორგანიზებასთან დაკავშირებული თქვენთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, რომელთა შესახებაც მასალის მომზადებას ისურვებდით.
  8. რა მიზნებს ემსახურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო?